საშემოდგომო ხვნა სრულდება

მთავარისიახლე 11.12.2012

საშემოდგომო ხვნა სრულდება

რა ფართობი მოიხნა ახალციხის მუნიციპალიტეტში, რამდენად იყენებენ გლეხები სერვის ცენტრის ტექნიკას და რა უჯდებათ მათ მიწის დამუშავება

გლეხების ნაწილმა მიწა კერძო ტრაქტორით დაამუშავა, ნაწილმა ნაკვეთი მექანიზაციის ცენტრის ტრაქტორით მოხნა. ფერმერების დიდ ნაწილს კი მაღალი ტარიფების გამო მიწა ამ დრომდე არ დაუმუშავებია. ასეთები ახალი მთავრობისგან შეღავათებს ელოდებიან და მიწას, ფასების გაიაფების შემდეგ მოხნავენ.

საშემოდგომო ხვნა მუნიციპალიტეტში თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის 630 ჰექტარზე ხორბალი, წყრუთის მთებში ოთხი ჰექტარი ნიორია დათესილი.

- “მუნიციპალიტეტში საკმარისი ტექნიკაა, იმისთვის რომ ყველა სოფელს მოემსახუროს. განრიგის მიხედვით მუშაობენ, როგორც პრეზიდენტის ასევე მექანიზაციის ცენტრის ტრაქტორები”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ალიკა კოსტანიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრებმა ცისანა გელაშვილმა მიწა მექანიზაციის ცენტრის ტრაქტორით დაამუშავა: ” 20 მეასედის მოხვნა 30 ლარი დამიჯდა, ეს ტრაქტორები უფრო ხარისხიანად ხნავს, ვიდრე კერძო ტრაქტორები”.

მაღალი ფასის გამო მექანიზაციის სერვის ცენტრის ტექნიკით მომსახურებაზე უარს აცხადებს ვალეში მცხოვრები რუსუდან ნათელაშვილი: ”ერთი ჰექტარი მიწა მოვხანი კერძო ტრაქტორით, მექანიზაციის სერვის ცენტრის ტრაქტორით რომ მომეხნა, მისთვის გზის ფულიც უნდა დამემატებინა და ნაკვეთის დამუშავება ასე უფრიო ძვირი დამიჯდებოდა”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მოსახლეობა ამბობს, რომ მიწა თითქმის არავის არ მოუხნია: ”მაღალი ფასებია, ახალი მთავრობა შეღავათებს დაგვპირდა, გააიაფებენ და მერე მოვხნავთ”.

- ”საშემოდგომო ხვნას საგაზაფხულო ხვნა ვერ შეცვლის, ნიადაგის დამუშავების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება”, - ამბობს ”ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის” უფროსი გურამ ჯინჭველაძე.

მექანიზაციის სერვის ცენტრში 20 ტრაქტორია. აქედან 14-ს სხვადასხვა ტიპის მისაბმელები აქვს, ექვსი ტრაქტორი კი უფუნქციოდაა. როგორც მექანიზაციის ცენტრში ამბობენ საჭირო მისაბმელებს ექვსი ტრაქტორისთვის მომავალი წლიდან მიიღებენ.

”ამ დროისთვის ჩვენი ტრაქტორებით 300 ჰექტარზე მეტი მიწა მოიხნა, მოთხოვნა დიდია და ტექნიკაც საკმარისია, ხუთი ტრაქტორი ახლა გაჩერებულია. თუ გაიზრდება მოთხოვნა მათაც გამოვიყენებთ”,- ამბობს მექანიზაციის ცენტრის თანამშრომელი რატი პაპიძე.

მექანიზაციის ტრაქტორით ერთი ჰექტარის მოხვნა 150 ლარი ჯდება, ამას გზის ხარჯი, კილომეტრზე 1.50 ლარი ემატება. კერძო ტრაქტორის მომსახურეობა კი ერთ ჰექტარზე 170 ლარია. გლეხები ამბობენ, რომ კერძო და სერვისცენტრის ტრაქტორით მოხვნა თითქმის იგივე ჯდება, მაგრამ უმეტესობა უპირატესობას მაინც კერძო ტექნიკას ანიჭებს, რადგან კერძო ტრაქტორით მოხვნა ნისიად შეუძლიათ, ან შეიძლება კერძო ტრაქტორის მფლობელი ახლობელი აღმოჩნდეს და მოსახნავად მხოლოდ საწვავის ფული გამოართვათ.

კოსტანაშვილის თქმით ამხანაგობისა და მექანიზაციის ცენტრის ტრაქტორების გარდა მოსახლეობას, კერძოდ სოფლებს: წყრუთი, სხვილისი, წყალთბილა, ვალე, 35 ერთეული კერძი ტრაქტორი ემსახურება.

”ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის” აგრო-კონსულტანტის პავლე გიქოშვილის თქმით, იმისთვის რომ ფერმერმა უკეთესი მოსავალი მიიღოს, შემოდგომით ნაკვეთის მოხვნა აუცილებელია. მიწის დამუშავება მით უფრო აუცილებელია, როცა საშემოდგომო კულტურებს, ხორბალს, ქერსა და ნიორს ვთესავთ.

- ”საშემოდგომო ხვნა აუცილებელია, თუ გვინდა რომ მომავალ წელს მივიღოთ მოსავალი, შემოდგომით დამუშავების დროს ხდება ნიადაგის სტრუქტურულად დამუშავება. მთელი ზამთრის განმავლობაში შემოდგომით მოხნული მიწა მზად იქნება გაზაფხულისთვის. მნიშვნელობა აქვს ხნულის სიღრმესაც, ფერმერმა მიწა უნდა მოხნას 30-35 სანტიმეტრის სიღრმეზე,” - გვიხსნის პავლე გიქოშვილი.

კოსტანიშვილის განცხადებით, მზრალად ხვნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს: ”მოხნულია 2 700 ჰექტარი, მთლიანად მუნიციპალიტეტში კი უნდა მოიხნას 6 300 ჰექტარი”.

სასოფლო სამეურნეო სავარგულების ფართობი რეგიონში 644 ათას 102 ჰექტარს შეადგენს. აქედან 60პროცენტი კერძო საკუთრებაა, ხოლო 40 პროცენტისახელმწიფოს ეკუთვნის.

2002 წლის მონაცემებით, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ასე ნაწილდება: ახალციხეში 49 ათასი ჰექტარი, ადიგენში 33 ათასი, ასპინძაში - 58 ათასი, ახალქალაქში - 95 ათასი, ნინოწმინდაში - 118 ათასი, ხოლობორჯომში 43 ათასი ჰექტარი. ეს მონაცმები მნიშვნელოვანად შეცვლილი არ არის.

[ოთარ აწყურელი]

  • "პრეზიდენტის ტრაქტორები" არასაკმარისია
  • გლეხებს მიწის მოხვნა უგვიანდებათ
  • ჰყოფნის თუ არა ტექნიკა საგაზაფხულო სამუშაოებს
  • სერვის ცენტრი ფერმერებისთვის
  • სახელმწიფოს პიარი თუ შეღავათი გლეხებისთვის
  • Share on Google+
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანსა და ძირში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ქათმები იხოცება. მეფრინველეობა
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადასამუშავებელ ქარხანას ადგილობრივი ბიზნესმენები აშენებენ ახალი ტექნოლოგიები
    კარტოფილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ახალქალაქში პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ფერმერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, ნათესებში კი სპეციალურ მოწყობილობებს დადგამენ ახალი ტექნოლოგიები
    მეცხვარეთა ასოციაციის სულისჩამდგმელისა და ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის მოწვევით საქართველოს ახალზელანდიაში მოღვაწე მეცხვარე ახალგაზრდა ქალბატონი დაიანა მარტინეს ალმეიდა ესტუმრა. დაიანა არის ექსპერტი მეცხვარეობის სისტემებში და გენეტიკური გაუმჯობესების იმ პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია მაღალპროდუქციულ მეცხვარეობაზე. მას სურს გაეცნოს საქართველოში მეცხვარეობაში არსებულ პრობლემებსა და სისტემას, ხოლო ბექას მიზანი კი იმ ქყვეყნის გამოცდილების გაზიარებაა, სადაც მეცხვარეობა და საერთოდ, მეცხოველეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული წარმატებული ფერმერი
    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ჯავახეთის კიდევ 5 სოფელში განხორციელდება ახალი ტექნოლოგიები