გვალვა და სურსათის უსაფრთხოება

მთავარიმემცენარეობა 29.05.2012

გვალვა და სურსათის უსაფრთხოება

არ არსებობს ისეთი მცენარე უწყლოდ რომ ვითარდებოდეს, თუმცა არიან კულტურები, რომლებსაც ახასიათებთ განსაზღვრულ დონემდე გვალვაგამძლეობა

გვალვა, არა პერიოდულად განმეორებადი ბუნებრივი მოვლენაა, არამედ იგი სისტემურ, დათბობისკენ კლიმატის ცვლილების თანამდევ საშიშ მოვლენად გადაიქცა. ამდენად საყოველთაო მოვლენა გახდა. ამიტომაც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ამ მდგომარეობის გასარკვევად, მისი შედეგების პროგნოზირებისა და გაუვნებლობის საჭიროებაზე. უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში კლიმატოლოგები აფრთხილებდნენ საზოგადოებას, მაგრამ როგროც საერთოდ ხდება, საზოგადოება მაშინ გამოფხიზლდება, როდესაც საშიშროება რეალურად ხდება. კლიმატის ცვლილებები უკვე სრულიად ჩმოყალიბებულ ფაქტად გადაიქცა და ახლა კაცობრიობამ დაიწყო მასზე ზრუნვა. ცოტა დაგვიანებულად, მაგრამ როგორც იტყვიან ”სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”.

როგორია ჩვენთან ამ მხრივ მდგომარეობა? საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ძლიერმა გვალვებმა მკვეთრად წარმოაჩინა ჩვენი სოფლის მეურნეობის პრობლემები. ჩვენი გლეხების მცირედი მზადყოფნა ასეთი ბუნებრივი კატაკლიზმების დროს. არადა ფერმერი-გლეხი ყოველთვის უდნა ითვალისწინებდეს მსგავსი ანომალიური მოვლენების შესაძლებლობას თავის საქმიანობაში. მითუმეტეს გვალვები ისეთ სამხრეთულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ახალი ამბავი არ არის. ამის დასტურია იმ სარწყავი სისტემების არსებობა, რომლის ნაშთები ასე უხვად გვხდება საქართველოში. რწყვა თუ სარწყავი არხების მშენებლობა ჩვენი წინაპრებისათვის ისეთივე ჩვეულებრივი და აუცილებელი საქმიანობა იყო, როგორც ხვნა-თსვა, ნათესის მოვლა, მოსავლის აღება და სხვა. გარდა ამისა, ჩვენი წინაპარი სხვა საშუალებებსაც ფლობდა გვალვის წინააღმდეგ. ეს არის შესაფერისი გვალვაამტანი კულტურების შერჩევა და ადგილობრივი პირობებისადმი შეგუებული ჯიშების გამოყვანა.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად კონტინენტალური ჰავაა ვიდრე დასავლეთ საქართველოში, ითესებოდა ძირითადად ისეთი კულტურები რომლებსაც ახასიათებდათ განსაზღვრულ დონემდე გვალვაგამძლეობა, რადგან არ არსებობს ისეთი მცენარე, რომელიც აბსოლიტურად უწყლოდ ვითარდებოდეს. ესენია: ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ქვრიმა, მუხუდო, ოსპი, ცულისპირა, სელი. სიმინდიც კი, რადგან მას სხვა ფორმებთან შედარებით მეტი გვალვაგამძლეობა ახასიათებდა. ვაზი თავისთავად საკმაოდ გვალვაგამძლეა, ხოლო ხეხილიდან გავრცელებული იყო ისეთი კულტურები, როგორიცაა ატამი, ნუში, ბროწეული, ლეღვი, ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშები, რომლებიც ასევე, გვალვას კარგად უძლებენ.

ამჯერად ჩვენ, მინდვრის კულტურულ მცენარეებზე გვინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, რადგან ისინი არიან ძირითადი სასურსათო მცენარეები. 2000 წლიდან მოყოლებულმა ძლიერმა გვალვებმა გვაჩვენა, რომ ისეთი პოპულარული კულტურები, როგორიცაა სიმინდი და ლობიო, რომლებიც უკვე სამი საუკუნეა ჩვენში ფართოდაა გავრცელებული, გვალვაინ წლებში, ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს მდგრად მოსავალს. სიმინდსა და ლობიოს გაუჭირდა თვით დასავლეთ საქართველოშიც კი, სადაც ზოგან სრულებით ვერ მიიღეს მოსავალი, განსაკუთრებით დაბლობებში. ან თუ მიიღეს ძალიან დაბალი.

აღმოსავლეთ საქართველოში იქ სადაც რწყვის საშუალება იყო სიმინდის მოსავალი ასე თუ ისე მოვიდა, თუმცა ძალიან დაბალი. თუკი იმასაც გავითვალსიწინებთ, რომ წყალი ფული ღირს, მაშინ ასეთი მოსავალი ვერაფრით აანაზღაურებს დანახარჯებს და მეურნეც ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩება.

ახლა განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც მეურნე თესავს არა ერთ ან ორ, არამედ რამდენიმე კულტურას, მაგალითად სიმინდთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ღომს, ქერს. როგროც ჩვენმა დაკვირვებებმა ცხადჰყო, ღომი საკმაოდ გვალვაგამძლეა სიმინდთან შედარებით, ასევეა ქერიც. ძლიერი გვალვების შემთხვევაში შესაძლებელია მივიღოთ ღომისა და ქერის გარანტირებული მოსავალი, რაც კომპენსაციას გაუკეთებს სიმინდის დაბალ მოსავალს და მეურნეც ნაკლებად დაზარალდება.

იგივე შეიძლება ითქვას აღმოსავლეთ საქართველოს შესახებ, სადაც ხორბალი სჭარბობს სიმინდს, თუმცა ბოლო წლებში მისი წილი ნამდვილად გაიზარდა.ამდენად აღმოსავლეთ საქართველოში ხორბლისა და სიმინდის გვერდით შეიძლება დავთესოთ ჭვავი, ფეტვი. ეს უკანასკნელი საკმაოდ ძვირფასი კულტურაა, ისევე როგორც ღომი. ჩვენი მონაცემებით, ფეტვი ამ გვალვებით, სულ არ დაზარალებულა.

პარკოსნებიდან გავრცელების მიხედვით ძირითადია ლობიო, რომელმაც თითქმის ყველა სხვა ოდითგან ჩვენში ცნობილი და გავრცელებული პარკოსანი კულტურები განდევნა, სრულებით ვერ უძლებს გვალვას, განსაკუთრეით ბარის პირობებში. მაშინ როდესაც ჩვენ წინაპრებს წარმატებით მოჰყავდათ საკმაოდ გვალვაგამძლე მუხუდო ოსპი, ცულისპირა, ძაძა. ამდენად, თუკი ლობიოსთან ერთად დავთესავთ მუხუდოს, ცულისპირას, გვალვიან წელიწადშიც კი მივიღებთ მოსავალს. მუხუდო, ცულისპირა, ოსპი ტავისი სასარგებლო თვისებებით არა თუ არ ჩამორჩება ლობიოს, არამედ სჯობს კიდევაც.

იგივე შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ზეთოვან კულტურაზეც, მაგალითად საზეთე სელზეც. ამჟამად, როგორც ცნობილია, ჩვენში მზესუმზირას აქვს დაკავებული ძირითადი ფართობები. ბოლო წლების გვალვებმა იგი ძლიერ დააზიანა. რაც შეეხება საზეთე სელს, იგი გვალვაგამძლეა, ამასთან არამარტო სასურსათო დანიშნულებისაა, არამედ მრავალი დაავადების მიმართ პრევენციის უნარი გააჩნია. საზეთე სელი მოჰყავთ სამცხე-ჯავახეთში, თუშეთში, ფშავში, ხევსურეთში. ბარში - გორი, საგარეჯო, სიღნაღი.

მეცნიერების მიერ კარგად არის შესწავლილი და დასაბუთებული მეურნეობაში მრავალკულტურიანობის უპირატესობა მონოკულტურაზე. ამიტომ ახალი აქ თითქმის არაფერია. მხოლოდ საჭიროა გამოვიყენოთ ის ცოდნა,რომელიც წინაპარმა დააგროვა, ხოლო იქ სადაც არაა შემორჩენილი დავეყრდნოთ მეცნიერულ მონაცემებს.

ჩვენთვის გასაგებია, ისიც რამდენად ძნელია ერთხელ ჩამოყალიბებულ ტრადიციაში რაიმეს შეცვლა, ახლის შემოტანა, მაგრამ გარემოება გვაიძულებს, საჭიროება მოითხოვს, მაშ რატომ არ უდნა გავაკეთოთ ის რაც სასარგებლოა? ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ძალისხმევა და შედეგიც არ დააყოვნებს.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანა” ფერმერებს სთავაზობს ისეთი კულტურების და ადგილობრივი ჯიშების მოყვანას, რომლებიც შეგუებულნი არიან ადგილობრივ გარემო პირობებს, მათ შორის გვალვასაც. ამ საქმიანობაში უკვე ჩართულია 200-მდე ფერმერი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა არ არის საკმარისი. საჭიროა სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების საქმეში. კერძოდ უნდა მოხდეს, როგორც სარწყავი სისტემების აღდგენა , ისე ახლის მშენებლობა. გვალვისადმი მდგრადი კულტურების სელექციის და მეთესლეობისადმი მხარდაჭერა. ყოველივე ეს ძალიან საშური საქმეა, რადგან ბუნება არ იცდის, იგი უფრო ძლიერი დარტყმისთვის ემზადება.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანას” მრჩეველი აგრობიომრავალფეროვნების დარგში, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
[ტაიული ბერიშვილი]

  • ფეტვი - დაკარგული კულტურა
  • მესხეთში ლობიო მცირე რაოდენობით მოჰყავთ
  • უკონკურენტო კარტოფილი
  • უიმედო ციფრები
  • შემოდგომა მესხეთში
  • Share on Google+
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანსა და ძირში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ქათმები იხოცება. მეფრინველეობა
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადასამუშავებელ ქარხანას ადგილობრივი ბიზნესმენები აშენებენ ახალი ტექნოლოგიები
    კარტოფილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ახალქალაქში პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ფერმერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, ნათესებში კი სპეციალურ მოწყობილობებს დადგამენ ახალი ტექნოლოგიები
    მეცხვარეთა ასოციაციის სულისჩამდგმელისა და ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის მოწვევით საქართველოს ახალზელანდიაში მოღვაწე მეცხვარე ახალგაზრდა ქალბატონი დაიანა მარტინეს ალმეიდა ესტუმრა. დაიანა არის ექსპერტი მეცხვარეობის სისტემებში და გენეტიკური გაუმჯობესების იმ პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია მაღალპროდუქციულ მეცხვარეობაზე. მას სურს გაეცნოს საქართველოში მეცხვარეობაში არსებულ პრობლემებსა და სისტემას, ხოლო ბექას მიზანი კი იმ ქყვეყნის გამოცდილების გაზიარებაა, სადაც მეცხვარეობა და საერთოდ, მეცხოველეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული წარმატებული ფერმერი
    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ჯავახეთის კიდევ 5 სოფელში განხორციელდება ახალი ტექნოლოგიები