სახელმწიფოს პიარი თუ შეღავათი გლეხებისთვის

მთავარისიახლე 02.07.2012

სახელმწიფოს პიარი თუ შეღავათი გლეხებისთვის

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ახალციხის მექანიზაციის სერვისცენტრში არსებული ტექნიკის რაოდენობის შესახებ; შპს “მექანიზატორი” და გლეხების დამოკიდებულება ახლად შექმნილი სამსახურის მიმართ

ახალციხის სერვისცენტრს, ისე როგორც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ცენტრებს, ტრაქტორები მარტის ბოლოს გადაეცა. “სამხრეთის კარიბჭე” დაინტერესდა, რა რაოდენობის ტექნიკა მიიღო ახალციხის სერვის ცენტრმა და როგორ მოემსახურებოდა ახლად შექმნილი სამსახური გლეხებს.

იმ დროისთვის სერვის ცენტრში ჯერ კიდევ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, ამიტომ ინფორმაციის მისაღებად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსს ალექსი კოსტანიშვილს და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახრის უფროსს ზვიად ყურმაშვილს მივმართეთ.

გამგეობაშიც და სამხარეო ადმინისტრაციაშიც ერთი და იგივე გვიპასუხეს: “ახალციხის სერვის ცენტრის უფროსი სერგო ბარძიმაძეა, ის გაგცემთ პასუხს ყველაფერზე”.

მას შემდეგ “სამხრეთის კარიბჭემ” ბარძიმაძის ნახვა არა ერთხელ სცადა, თუმცა, ამაოდ.

ამასობაში კი ახლადშექმნილი სამსახურისა და რეგიონში შემოსული ახალი ტექნიკის მუშაობის შესახებ სოფლებში გლეხებს ვკითხეთ.

-“დროულად მოგვიხნეს, კარგია, რომ ახალი ტრაქტორები დაამატეს. ტექნიკის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს”, - გვითხრა ურაველში მცხოვრებმა ნარგიზ ჯიოშვილმა.

საწინააღმდეგოს აცხადებს მისი მეზობელი როინ მოდებაძე: “არ უგრძვნია სოფელს რაიონში ტრაქტორების დამატება. არანაირი შეღავათი არაა, ისევ კერძო ტრაქტორების იმედად თუ ვიქნებით, მადლიერი არავინაა”.

მოდებაძის თქმით, სოფელში მიწის დამუშავებისას ხალხი კვლავინდებურად რიგში დგას: “მეზობელ სოფლებშიც ითხოვენ ტრაქტორებს, უგვიანდებათ მოხვნა, მაგრამ ჯერ აქ არ დაუწყიათ, ტრაქტორების ნაწილი გაფუჭებულიაო და სხვა სოფელში როდისღა გადავლენ?!”

იგივეს აცხადებენ გლეხები ვალეშიც და ამბობენ, რომ ახლად შექმნილი სერვის ცენტრები “სახელმწიფოს პიარია და არა გლეხებისთვის გაწეული შეღავათი”.

-“გასულ წლებთან შედარებით წელს არანაირი სხვაობა არ ყოფილა. არც ტექნიკაა საკმარისი და არც ფასია შეღავათიანი. ტელევიზორში რას აცხადებენ ერთია, მაგრამ რეალობა მეორე – ვის ახსოვს დღეს გლეხი?!” - კითხულობს ვალეში მცხოვრები ზურაბ ხითარიშვილი.

მისივე თქმით, “სააკაშვილის ტრაქტორი” ახალციხიდან ვალეში ნახევარი ჰექტრის მოსახნავად არ წავა, ან თუ წავა, გლეხს, ახალციხიდან სოფლამდე მისასვლელი გზის ხარჯი უფრო მეტი დაუჯდება, ვიდრე მოსახნავი ფართობისთვის გათვალისწინებული თანხა: “თუ ვერ გამოვიყენეთ რად გვინდა ეს ტრაქტორები, იქ რომ იდგეს საყურებლად?!”

როგორ განაწილდა ტექნიკა რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში, რამდენი ტრაქტორი ემსახურებოდა სამცხე-ჯავახეთს და რა პრინციპით მუშაობდნენ სოფლებში, “სამხრეთის კარიბჭემ” კომენტარი სერგო ბარძიმაძეს, საგაზაფხულო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ სთხოვა და სერვის ცენტრში შეხვედრაზე შეითანხმა კიდეც. თუმცა, კომენტარის ჩასაწერად მისულებს შესასვლელი კარი დაკეტილი დაგვხვდა.

-“გაგვაფრთხილეს არავინ შემოუშვათ”, - გვითხრა დაცვის თანამშრომელმა.

ბარძიმაძესთან დაკავშირება ტელეფონით ვცადეთ.

-“კომპეტენტურ პასუხს, იმასთან დაკავშირებით რაც თქვენ გაინტერესებთ, ვერავინ გაგცემთ. ჯერ ჩვენ ინსტრუქცია არ მოგვსვლია, დანიშნულები არ ვართ. არ ვიცი ჯერ ვიქნები თუ არ ვიქნები კიდევ აქ. მხოლოდ ოფისის მენეჯერია დანიშნული ოთხი-ხუთი დღეა. მიბრძანდით და ცენტრალურ ოფისთან დაგაკავშირებთ”, - გვითხრა სატალეფონო საუბარში ბარძიმაძემ.

სერვის ცენტრში შესვლის შემდეგ კი თავადაც მობრძანდა და მიუხედავად რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული განცხადებისა, ინტერვიუ მასთან, როგორც სამცხე-ჯავახეთში ახალციხის სერვის ცენტრის მმართველთან, ისე ჩავწერეთ. ამჯერად ბარძიმაძემ გვითხრა, რომ სერვის ცენტრის ხელმძღვანელია: “ოფიციალურად დამნიშნეს. ოფიციალურად დანიშნულები არიან ასევე ოპერატორები, მათთან ხელშეკრულებებია გაფორმებული. დანიშნულია ფინანსისტი და ოთხი მენეჯერიც”.

ბარძიმაძე გლეხების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას არასაკმარის ტექნიკასთან დაკავშირებით ეთანხმება: “ისეთი ამინდები იყო, ყველას ერთ კვირაში უნდოდა მიწის მოხვნა მოესწრო. მაგალითად, ახალციხეში ერთ დღეში უნდა მოხნულიყო 200 ჰექტარი ფართობი. რაც ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ ზოგს მოუწია მეხუთე დღეს და ზოგს მეათე დღეს”.

რაც შეეხება სერვის ცენტრში არსებული ტექნიკის რაოდენობას, ბარძიმაძის განცხადებით, მარტში ცენტრმა 18 ერთეული “ბელორუსის” ტრაქტორი მიიღო: “სულ კი აღნიშნულ სამსახურს 30 ტრაქტორი ჰყავს”.

ცენტრში არსებული ტექნიკის რაოდენობის შესახებ, მიმდინარე წლის 28 მაისს, სამხარეო ადმინისტრაციაში გაგზავნილ ოფიციალურ წერილზე (¹11), “სამხრეთის კარიბჭემ” სხვა ინფორმაცია მიიღო: “გაცნობებთ, რომ ახალციხის მექანიზაციის სერვის ცენტრში შეყვანილია 37 ერთეული სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. აქედან 16 ერთეული გადაეცა ახალქალაქის ფილიალს, რომელიც ემსახურება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს, ხოლო დარჩენილი 21 ერთეული მოთხოვნის შესაბამისად ემსახურება ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს”. (¹5/443. 08. 06. 2012)

ბარძიმაძის განცხადებით, კი ხვნის დროს სერვის ცენტრში არსებული ტექნიკა მუნიციპალიტეტებში ასე იყო განაწილებული: “ახალქალაქსა და ნინოწმინდას ხუთი ტრაქტორი ემსახურებოდა, სამი იყო ახალციხეში, სამი - ადიგენში, ორი - ბორჯომში და ორიც ასპინძაში”.

მისივე თქმით, შემოდგომით ძლიერი ყინვის გამო, მიწების დიდი ნაწილი ვერ მოიხნა, ამიტომ გაზაფხულზე სამუშაო ერთი ორად გაიზარდა: “150 ტრაქტორიც რომ გვყოლოდა, არ გვეყოფოდა და ხალხი მაინც უკმაყოფილო იქნებოდა, რადგან ერთსა და იმავე დროს სჭირდება მიწის დამუშავება ყველას”.

მიუხედავად იმისა, რომ გლეხებს მიწის მოხვნა უგვიანდებოდათ, ხვნის პერიოდში, როგორც უკვე ბარძიმაძემ აღნიშნა, რეგიონში მოსახლეობას მხოლოდ 15 ტრაქტორი ემსახურებოდა, მაშინ როცა, მისივე განცხადებით, სერვის ცენტრის ბაზაზე, 30 ტრაქტორი ირიცხებოდა. რას აკეთებდა ამ დროისთვის დარჩენილი 15 ტრაქტორი ცენტრის მმართველი ვერ აკონკრეტებს: “სამი-ოთხი ტრაქტორი ამორტიზებული იყო, დანარჩენი სხვა სამუშაოებს ასრულებდა (?!). ამჟამად კი ოთხი ტრაქტორი ჩვენგან იმერეთშია გაგზავნილი, იქ სჭირდებათ და დავახმარეთ”.

რაც შეეხება, გლეხების გამოთქმულ უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ სერვის ცენტრის ტრაქტორი, ნახევარი ჰექტარი ნაკვეთის მოსახნავად, მათთან სოფელში არ მივა, ბარძიმაძე არ ეთანხმება: “ტრაქტორი ნებისმიერ შემთხვევაში წავა, ოღონდ ჯერ გლეხი უნდა ჩამოვიდეს ჩვენთან, გააფორმოს ხელშეკრულება, აიღოს ქვითარი “ლიბერთი ბანკში” წარმოადგინოს სერვის ცენტრში და ამის შემდეგ მოვემსახურებით”.

მისივე განმარტებით, თუ მიწების მოსახნავად ფერმერთა ჯგუფი გაერთიანდება, ასე მათ ტრაქტორის გზის ხარჯი შეუმცირდებათ: “ადრე კილომეტრი 1,50 ლარი იყო. ახლა გზის ღირებულება 20 თეთრით ნაკლებია, კილომეტრი 1,30 ლარი ჯდება. თუ ფერმერები გაერთიანდებიან, მაშინ გზის თანხას თანაბრად გაიყოფენ და შედარებით ნაკლები დაუჯდებათ”.

ბარძიმაძის თქმით, რეგიონში სავარაუდოდ, სერვის ცენტრის ტრაქტორებით 2 500 – 3 000-მდე ჰექტარი მოიხნა: “ახალციხეში 2 000 სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი შემოვიდა. ვაუჩერებით ამავე მუნიციპალიტეტში მინიმუმ 1 000 ჰექტარი დავამუშავეთ”.

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში ტიფო მიქატაძე სერვის ცენტრებს, როგორც ფერმერებისთვის შეთავაზებულ ახალ მომსახურების ფორმას, დადებითად აფასებს. მისი თქმით, სამექანიზაციო სამუშაოების, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების, სანფორმაციო მომსახურების, სამეცნიერო ტექნიკური ნოვაციების დანერგვის და სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მიწოდების თვალსაზრისით ეს, ფერმერებისთვის ძალიან კარგია: “კომუნისტების შემდეგ, პრაქტიკულად ქვეყანაში მსგავსი არაფერი ყოფილა. თუმცა, არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ამ ეტაპზე იმსახურებს ნეგატიურ შეფასებას”.

სერვის ცენტრები შპს “მექანიზატორის” ბაზაზე შეიქმნა.

-“შპს “მექანიზატორი” სახელმწიფო კომპანიაა, ის შექმნილია გრანტით მიღებული და შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საფუძველზე.
ამდენად, ნეგატიური დამოკიდებულება, თავად ამ ტექნიკის რაობის, ვარგისიანობის და შესაბამისობის თვალსაზრისით გაჩნდა”, - განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს” მიქატაძემ.

მისივე თქმით, ბევრ რეგიონში შესულია დიდი წარმადობის სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რომელიც ნაკლებად შეესაბამება ჩვენ მცირე კონტურიან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა თუ ადგილობრივ ნიადაგურ კლიმატურ პირობებს: “ასე რომ ცენტრებში ტექნიკა იმიტომ კი არ დგას, რომ გლეხი მივიდეს და თვალს წყალი დაალევინოს. გლეხმა ეს ყვეალფერი თავისი საჭიროებისთვის უნდა გამოიყენოს”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

  • ჰყოფნის თუ არა ტექნიკა საგაზაფხულო სამუშაოებს
  • საშემოდგომო ხვნა სრულდება
  • არასაკმარისი ტექნიკა ჯავახეთში
  • სერვის ცენტრი ფერმერებისთვის
  • რისთვის იქმნება სერვის ცენტრები
  • Share on Google+
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანსა და ძირში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ქათმები იხოცება. მეფრინველეობა
    ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადასამუშავებელ ქარხანას ადგილობრივი ბიზნესმენები აშენებენ ახალი ტექნოლოგიები
    კარტოფილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ახალქალაქში პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ფერმერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, ნათესებში კი სპეციალურ მოწყობილობებს დადგამენ ახალი ტექნოლოგიები
    მეცხვარეთა ასოციაციის სულისჩამდგმელისა და ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის მოწვევით საქართველოს ახალზელანდიაში მოღვაწე მეცხვარე ახალგაზრდა ქალბატონი დაიანა მარტინეს ალმეიდა ესტუმრა. დაიანა არის ექსპერტი მეცხვარეობის სისტემებში და გენეტიკური გაუმჯობესების იმ პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია მაღალპროდუქციულ მეცხვარეობაზე. მას სურს გაეცნოს საქართველოში მეცხვარეობაში არსებულ პრობლემებსა და სისტემას, ხოლო ბექას მიზანი კი იმ ქყვეყნის გამოცდილების გაზიარებაა, სადაც მეცხვარეობა და საერთოდ, მეცხოველეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული წარმატებული ფერმერი
    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ჯავახეთის კიდევ 5 სოფელში განხორციელდება ახალი ტექნოლოგიები